შინაური მიმოხილვა. III

III

1879 წელი, აპრილი.

ნუთუ ახალმა ნიავმა დაჰბერა ჩვენს ცხოვრებას? — ახალი საზოგადოება წერა-კითხვის გავრცელებისათვის საქართველოში და მისი მომავალი ღვაწლი ჩვენის ცხოვრებისათვის. — რა ურთიერთობა სუფევს ამ საზოგადოებასა და შარშან დაარსებულს შორის („შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“)? — ორიოდე სიტყვა ბანკის თაობაზედ. — ქართული თეატრი. — თავად-აზნაურთა კრება.

ჩვენმა საზოგადოებამ, სწორე მოგახსენოთ, ვერაფერი სახელი დაიმკვიდრა შესახებ თაოსნობისა, გამჭრიახობისა, თვითმოქმედობისა და სხვა. გრძნობით-კი კარგადა გრძნობდა თავის ვაი-ვაგლახს და ყოველის მხრით გაჭირვებულს ცხოვრებას, მაგრამ შვებით კი თითქმის თითსაც არ გაანძრევდა ხოლმე, რომ რაიმე ცოტად თუ ბევრად მტკიცე საშუალება გამოენახა თავის დასახსნელად. იყო ისე, ყურმოჭრილი მონა გარემოებისა, და თითქო ფიქრობდა: როგორც ეს გარემოება მომევლინა ფათერაკად, იქნება შვებაც ამგვარადვე მომევლინოსო. ამისდა გვარად, ჩვენი საზოგადოება, იქნება, არც კი იყოს გასამტყუნარი ამაში: თაოსნობა, გამჭრიახობა, თვითმოქმედობა, — ყველა ამგვარი თავის აღმოსაცენად და განსავითარებლად მოითხოვს ნიადაგს არა იმისთანას, სადაც ფართო გზა და მსვლელობა უპყრია ფათერაკობას… იქნება არ იყოს-მეთქი მტყუანი, და არც იმიტომ მოვყევით ამაზედ ლაპარაკს, რომ გამოვძებნოთ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი. ეს კი უეჭველია: გადიოდა ხანი და თითქმის არავითარი შვება არსაიდან არ მოჩანდა. ამასობაში მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ რაც კი რამ ხალისი და თაოსნობა ჰქონდა შერჩენილი ჩვენს საზოგადოებას, ისიც უნდა დაჰკარგოდა. მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ თითქო ფერი იცვალა და ჩვენს ცხოვრებას თითქო ახალმა ნიავმა დაჰკრა; საზოგადოება თითქო შეკრთა, თითქო დაიძახა — „როდემდე და სადამდეო“, ხელები გაანძრია, წელში გაიმართა და თითონვე განიზრახა თავის-თავისათვის შველა. ჯერ-ჯერობით მიჰყო ხელი სწავლა-განათლების საქმეს. ამისთვის დააარსა ჯერ ერთი საზოგადოება, რომელმაც გახსნა ესრეთ-წოდებული „მოსამზადებელი შკოლა“, მერე კიდევ სხვა საზოგადოება, რომელსაც საგნად აქვს წერა-კითხვისა და სწავლა-განათლების გავრცელება საქართველოში. პირველ საზოგადოებაზედ საკმაოდ იყო ნათქვამი „ივერიაში“ და მეტი ლაპარაკი საჭირო აღარ არის. ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ახალს საზოგადოებაზედ, რომლის პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში და იმიტომაც ღირსია ყურადღებისა.
ეს საზოგადოება თავის დანიშნულების აღსასრულებლად მოჰკიდებს ხელს არა მარტო სასოფლო შკოლების გამართვას, არამედ დააარსებს აგრეთვე სახალხო სამწიგნობროებს, მასწავლებლებს გამოზრდის ან თავისგანვე დაფუძნებულს სასწავლებლებში, ან სხვაგან თავისის ხარჯით; გამართავს ლექციებს ხალხისათვის სხვადასხვა ადგილას და სხვ.
ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს საქმე საუცხოო საქმეა და თუ ამ საზოგადოების წევრთ ქართველურად მალე გული არ აუცრუვდათ, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიანთ.
არა ხალხში, რომელიც განათლებულებში ჩაითვლება, წერა-კითხვა ისე ნაკლებად არ არის გავრცელებული, როგორც ჩვენსაში. უწინდელს დროს, როდესაც მამაკაცები სულ ომში ტრიალებდნენ და წიგნის კითხვისათვის არა სცალოდათ, დედაკაცები მაინც არ ანებებდნენ ამ საქმეს თავსა, მიიბარებდნენ შეგირდებს და ამ-რიგად ქართულს მწიგნობრობას ძირიანად ამოვარდნას უშლიდნენ.
ეხლანდელს დროში დედაკაცები ისე-რიგად აღარ ეწყობიან წიგნის კითხვას და მამაკაცებს კი ჯერ გულდადებით არ მოუკიდნიათ ამ საქმისათვის ხელი. მართალია, ჩვენს სოფლებში ათასში ერთგან ამ უკანასკნელს ხანს შკოლები გაიხსნა, მაგრამ ისე კანტი-კუნტად, რომ ერთს შკოლიანს სოფელზედ ათი მეტი უშკოლო მოდის.
ჯერ-ჯერობით ამ საზოგადოებას დიდი შეძლება არა აქვს რა: საზოგადოების შემდგენელთ წევრთ, რიცხვით ჯერ ას-ოც-და-ექვსია, შეაქვთ ყოველ წელიწადს არა ნაკლებ ოცის მანეთისა; ამას გარდა საზოგადოება მოელის სხვადასხვა შემოწირულს ფულს პატივსაცემთ წევრთაგან და აგრეთვე ნამდვილთ წევრთაგან, რომელთაც ყოველწლივ უნდა შემოიტანონ არა ნაკლებ ექვსის მანეთისა.
ყველა ეს შემოსავალი დიდს ფულს არ შეადგენს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს საქმე ჯერ ახლად ფეხადგმულს ბავშსა ჰგავს და ახლად ფეხადგმულს ვინ მოსთხოვს ვაჟიკაცისავით სწორე სიარულს!
წრეულობით ამ საზოგადოებამ ხუთი შკოლაც რომ გახსნას ისიც დიდი საქმე იქნება. რასაკვირველია, ეს დიდ საქმედ კი არა, მცირე საქმედაც არ ეჩვენებათ იმ პირთ, რომელნიც ყოველ საზოგადო საქმეს თვალებ-ახვეულსავით უცქერიან და იძახიან, რომ წერა-კითხვის გავრცელება ხალხს სარგებლობას არას მოუტანსო, ხალხს ჯერ კუჭი უნდა გავუძღოთ და მერე წიგნი ვასწავლოთო, ჩვენ გვინახავს სოფლებში ბევრი წერა-კითხვის მცოდნენი, რომელნიც უცოდინარებზედ უფრო უსინიდისო და გაფლიდებულნი არიანო. ამ ვაჟბატონებს სალაპარაკოდ ენა კი ექავებათ და რას ამბობენ და რას არა, იმისი კი არა გაეგებათ რა. იმათ ეს არ ესმით, რომ ერთი და ორი წერა-კითხვის მცოდნე კაცი რომ გამოერევა სოფელში, იმას თავისი თავი ცხვრებში გარეული მგელი ეგონება და უსინდისოდ გამოიყენებს თავის სწავლას; მაგრამ ერთისა და ორის მაგივრად მთელს სოფელს რომ ეცოდინება წერა-კითხვა, მაშინ იმათ ისე არავინ აპარპაშებს. გარდა ამისა, ხალხის სიღარიბიდამ გამოყვანა და სწავლა და ცოდნა ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ იმათ უერთმანეთოდ მნიშვნელობა არა აქვთ რა. ვინც კი იძახის, ხალხს ჯერ კუჭი გავუძღოთ და მერე ვისწავლოთო, იმაზედ არ ჩაფიქრებულა, რომ გლეხკაცმა რაც უნდა სიმდიდრე შეიმატოს, თუ პატარა უკეთესს ცხოვრებას არ შეეჩვია და ქვეყნიერობისა არა გაიგო-რა, ისევ-ისე ბინძურად და უხეიროდ იცხოვრებს, როგორც სიღარიბეში უცხოვრია. ჩვენ გვინახავს ბევრი გლეხკაცი, რომელსაც ათას თუმნამდინ შეიძლება აქვს, მაგრამ ისეთს მიწურს სახლშივე დგას, ისევ-ისე გვერდით უბია თავის საქონელი და იმისგან გამოსუნთქულს ჰაერსა სუნთქავს, როგორც ყოვლად უქონელი ღატაკი გლეხი. ერთის სიტყვით, თუ ჩვენის ხალხის ბედნიერება გვინდა, უნდა ვეცადოთ, რომ იმისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ: სწავლაც შევძინოთ და უკეთესის ცხოვრების ღონეც მივსცეთ. ეს ისეთი ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ ვინც ამას უარყოფს, ან სრულებით ბნელში უნდა დადიოდეს, ან სინათლეს თვალებახვეული უცქეროდეს.
ვიმეორებთ: ჩვენ სწავლა გვეჭირვება, და რადგან სახალხო შკოლები სწავლის პირველს საფეხურს შეადგენენ, მხიარულებით უნდა მივეგებოთ ყოველს საზოგადოებას, რომელსაც კი სახალხო შკოლების გამრავლება განუზრახავს.
წინდაწინვე ვთქვით, რომ ამ უკანასკნელს ხანს შკოლები ჩვენს სოფელში კანტი-კუნტად იხსნებიანო. ეს უფრო იმისთანა სოფლებში ხდება, რომლებშიაც სამას-ოთხას მცხოვრებზედ მეტია. ამოდენა სოფლებში გლეხკაცებს არ უჭირდებათ წელიწადში სამი-ოთხი მანეთის გამოღება მასწავლებლისა და შკოლის შესანახავად. მაგრამ საქართველოს ზოგიერთ ნაწილებში დიდი სოფლები ძალიან ძვირად შეხვდება კაცსა. ზოგან ხალხი ხეობებში სცხოვრობს და სამი-ოთხი სოფლის მცხოვრებნი ერთად სულ ასს კომლს ვერ შეადგენენ. ცხადია, რომ თუ ამ სოფლებში მცხოვრებნი ძალიან შეძლებულნი არ არიან, სამმა-ოთხმა სოფელმაც რომ ერთად მოიყაროს თავი — მაინც შკოლის გაკეთება და მასწავლებლის შენახვა გაუძნელდებათ. აი ამ-გვარს ხეობებში და სხვა პატარ-პატარა სოფლებში შკოლების გამართვას უნდა მიაქციოს ხსენებულმა საზოგადოებამ ყურადღება.
არის კიდევ ერთი საზრუნავი საქმე, რომელსაც, თუ ამ საზოგადოებამ ყური ათხოვა, საუკუნოდ მადლობას მიიღებს, როგორც მთელის საქართველოსაგან, ისე ახლად საქართველოსთან შემოერთებულ ქვეყნებისაგან. აჭარა და ქობულეთი თუმცა თითქმის ერთი წელიწადია შემოგვიერთდნენ, მაგრამ იმათ ნამდვილს შემოერთებაზედ კი ჯერ ჩვენ არა გვიზრუნია რა. აქამდისინ ჩვენ უფრო იმათს ჩვენგან განშორებაზედ ვზრუნავდით. . . . . . . . .[✱]) რაღაც საცოდავი ორასი თუმანი თუ შევკრიბეთ და დამშეულს ქობულეთლებს დავურიგეთ, თორემ სხვაფრივ ჯერ ზრუნვა არა გამოგვიჩენია რა. აი ეხლა დაგვეტყობა, მართლა ვიცით საქმითაც შეწევნა, თუ მხოლოდ მოძმეს ხსენება გვესიამოვნება და ღვინით შეხურებულის ენით ლამაზ-ლამაზი სიტყვების წარმოთქმა. ეხლა დავამტკიცებთ, მართლა გვინდა თუ არა ქობულეთლები ნამდვილად ჩვენი მოძმენი გახდნენ და როგორც ლაპარაკით, ისე წერა-კითხვით სრულიად შემოგვიერთდნენ.
თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულს მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი ჰქონდათ, ეხლა უნდა გაუმართოთ ხელი ამ ახლად დაბადებულს საზოგადოებას და ვალად დავსდოთ, რომ აჭარაში და ქობულეთში რაც შეიძლება მომეტებული შკოლები დამართოს. ეს შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზედ მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ-ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ, იმათ ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა.
როგორც ზემოთ მოვიხსენეთ, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განზრახვა და მოქმედობა შორსა სწვდება-მეთქი. თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამბედაობამ მთლად აღასრულეს ყოველიფერი, რაც კი წესდებულებაში არის მოხსენებული, იმედია, რომ ჩვენი ხალხის წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფეხს; გავრცელდება სწავლა-განათლება სამშობლო ენაზედ და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ საგვარტომო და თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია. გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა. მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის; გარდა ამისა, არსებობს ჩვენში შკოლა, ჯერ-ჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით შეივსოს საქმე, რომლისათვის ხელის მოკიდებას აპირობს ახლად დაარსებული საზოგადოება. ეს საშუალო სასწავლებელი, — ჩვენი საკუთარი, ქართული სასწავლებელი, — შეიქმნება ჩვენის ხალხისათვის სახსარი უფრო მომეტებულის სწავლისა და განათლების შესაძენად; ეს სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას, ე. ი. იმ-გვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა. ამ ქართულ საშუალო სასწავლებელზედ შემდეგ გვექნება დაწვრილებით ლაპარაკი. ვიტყვით აგრეთვე შემდეგ მაზედაც, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლებელს ჩვენის ლიტერატურისათვის. ეხლა კი აღვიარებთ, რომ ორივე საზოგადოებანი დასდგომიან ერთსა და იმავე საგანს, მაგრამ ორის მხრიდამ, ორნივე ერთი-ერთმანეთს ეხმარებიან, ავსებენ ერთი-ერთმანეთის ნაკლს. ახლა საქმე ჩვენზედ, ე. ი. ქართველ საზოგადოებაზედ, არის დამოკიდებული; უნდა აღმოვუჩინოთ რაც შეიძლება მეტი სახსარი და საშუალება, ფულით თუ სხვა რითიმე. ნურას დავზოგავთ ამ საქმისათვის! ვინ იცის, ჩვენი ბედი რა-რიგად დატრიალდება, თუ ეს საქმე სხვანაირად წავიყვანეთ!.. საქმე დამოკიდებულია აგრეთვე ჩვენ ცოტად თუ ბევრად ნასწავლ ყმაწვილ-კაცებზედ. ზემოხსენებულ საზოგადოებათ წინ უდევს დიდძალი, აუარებელი შრომა: ჩვენ ხომ ჯერ სულ ხელცარიელნი ვართ, — არც სახელმძღვანელო გვაქვს, არც საკითხავი წიგნები, არც არა სხვა სახსარი სწავლისა, — აი ამას უნდა შეუდგნენ ეხლავე ჩვენი განათლებულნი, რათა სიტყვა მაინც არ მოგვიბრუნონ: „მაშ რაღასა თხოულობთ, თუკი გამოყენებაც არ იცით და არ შეგიძლიანთო?“
უმთავრესი შემწე ყველა ამ-გვარ საქმეთა არის, ჯერ-ჯერობით, საადგილ-მამულო ბანკი, ქუთაისისა თუ ჩვენი. ქუთაისის ბანკმა შემოსწირა კიდეც ათას ასი თუმანი ამ საზოგადოებას.